English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ალექსანდრე ნაჭყებია
პერსონალის კონტროლინგის ადგილი და როლი კომპანიის მენეჯმენტის სისტემაში

რეზიუმეთანამედროვე ორგანიზაციების წინაშე არსებული ამოცანების სირთულე და ხასიათი, მათზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების მრავალფეროვნება გარკვეულ პრობლემებს ქმნის მენეჯმენტის სფეროში. საზღვარგარეთის წარმატებული კომპანიების საქმიანობის ანალიზი ადასტურებს მჭიდრო კავშირს მართვის ეფექტიანობის ამაღლებასა და ეკონომიკურ ეფექტიანობას შორის. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნადაა განპირობებული მმართველობითი საქმიანობის მაღალი ხარისხით, კერძოდ, კონტროლინგის სისტემის ფართოდ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლის, ეკონომიკური ანალიზისა და საინფორმაციო ნაკადების სინთეზს.

საკვანძო სიტყვები:მართვის ინოვაციური მეთოდები, პერსონალის კონტროლინგის თანამედროვე ინსტრუმენტები, კონტროლინგის ფუნქციები, პერსონალის ეფექტიანი გამოყენება, პერსონალის მართვის პროცესების კოორდინაცია. 

შესავალი

წარმოების პროცესში ტექნიკურ–ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის კვალობაზე, სულ უფრო მეტად იზრდება ადამიანური რესურსების პროფესიულ–კვალიფიციური მომზადების დონის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. შესაბამისად, ადამიანური რესურსები წარმოების განვითარების სტრატეგიული რესურსი ხდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად მისი ეფექტიანი გამოყენება ორგანიზაციის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ამასთან, ბაზრების გლობალიზაციისა და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების საფუძველზე, საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ტრანსფორმაცია, შრომის ბაზრის ფორმირების თანამედროვე ტენდენციები, ტექნიკურ–ტექნოლოგიური და ორგანიზაციის მართვის ინოვაციური მეთოდები გარდაუვლად მოითხოვენ პერსონალის მართვის პროცესში ახალი მიდგომების დანეგვის აუცილებლობას. ასეთ მიდგომად გვევლინება პერსონალის კონტროლინგი, როგორც მართვის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მართვის ცალკეული ქვესისტემების საქმიანობის კოორდინაციას და მართვის მთელ სისტემას წარმართავს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად. 

***

თანამედროვე პერიოდში კომპანიების მართვის ინსტრუმენტებს შორის განსაკუთ-რებული ადგილი უკავია კონტროლინგს, რომელიც თავის თავში აერთიანებს აღრიცხვის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, კონტროლისა და კოორდინაციის ფუნქციას. ამასთან, კონტროლინგის პროცესის მეცნიერული კვლევა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამაზე მეტყველებს კონტროლინგის პრობლემების შესახებ არსებული სამეცნიერო–კვლევითი ლიტერატურის სიმრავლე, განსაკუთრებით, უცხოეთის ეკონომიკურ ლიტერატურაში.

საქართველოში ამ საკითხებისადმი მიძღვნილი ეკონომიკური სამეცნიერო–კვლევითი ხასიათის ლიტერატურა მეტად მწირია.თანამედროვე პერიოდში არ არსებობს კონტროლინგის ყველასათვის მისაღები განმარტება. მიუხედავად ამისა, ყველა აღიარებს, რომ კონტროლინგი მართვის ახალი კონცეფციაა, რომელსაც სათავე თანამედროვე მენეჯმენტმა დაუდო.

თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში კონტროლინგის პრობლემების კვლევის ორ ძირითად ამერიკულ (ანგლო–საქსურ) და გერმანულ (ევროპულ) მიმართულებას განასხვავებენ. კონტროლინგის ამერიკულ კონცეფციაში მეტი ყურადღება ეთმობა კონტროლინგის ინსტრუმენტებს და პრაქტიკულ გამოყენებას, ხოლო გერმანულ მოდელში – კონტროლინგის პრინციპებისა და მეთოდების მეცნიერულ დასაბუთებას. ცალკეული მკვლევარების მოსაზრებით, კონტროლინგის საფუძვლების ფორმირება მჭიდროდაა დაკავშირებული მენეჯმენტის სკოლების წარმოშობასა და განვითარებასთან. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში ანრი ფაიოლი მართვას განიხილავს, როგორც უნივერსალურ პროცესს, რომელიც შედგება ცალკეული ქმედებებისაგან, ამ ქმედებებს იგი უწოდებს მმართველობით ფუნქციებს, ხოლო თვით მართვის პროცესი წარმოადგენს ამ ფუნქციების ერთობლიობას.ფაიოლი გამოყოფს დაგეგმვის, ორგანიზების, ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის ფუნქციებს. შემდგომ კვლევებში ადგილი ჰქონდა მართვის ფუნქციების კიდევ უფრო გაღრმავებას. ასე, მაგალითად, ლუთერ გიულიკი გვთავაზობს „კონტროლის“ ფუნქციის დაყოფას „აღრიცხვად“ და „ბიუჯეტირებად“, რითაც იგი ფაქტიურად ეხება კონტროლინგის თანამედროვე ინსტრუმენტებს [Евенко,1983].   კონტროლს, როგორც მართვის განსაკუთრებულ სფეროს – განიხილავენ დ. ბოდდი და პ. პეიტონი [Бодди Д., Пэйтон Р.,1999].

კონტროლი მიმართულია წარსულში დაშვებული შეცდომებისა თუ წარმოშობილი პრობლების გამოსავლენად. ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე პირების გამოსავლენად. კონტროლინგი კი – ესაა მომავლის მართვა საწარმოსა და მისი სტრუქტურული დანაყოფების გრძელვადიან პერიოდში ფუნქციონირებისათვის.

კონტროლინგის სისტემის გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც მართვის ფუნქცია დელეგირებულია საწარმოს ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის. ამ დროს კონტროლინგის საშუალებით მიიღწევა მაქსიმალურად დადებითი შედეგი.

 შემდგომში კონტროლის ტრადიციული ფუნქციების განვითარებამ და გაფართოებამ განაპირობეს კონტროლინგის ფუნქციების წარმოშობა. ი. ვებერის თანახმად, კონტროლინგი – ესაა „სოციალური სისტემის მართვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, ხელმძღვანელობის მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს მართვის სისტემის კოორდინაციის საერთო საქმეში, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმვაზე, კონტროლსა და ინფორმირებაზე აქცენტირებით“[Вебер Ю., Шеффер У., 2014].

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კონტროლინგის პრობლემების კვლევისას აზრთა სხვადასხვაობა იწვევს, არის კონტროლინგის მიზნები. კონტროლინგის მიზანი გამომდინარეობს ორგანიზაციის მიზნებიდან, რომელთა შორის ორგანიზაციის შემდგომი წარმატებული განვითარების უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მიზნის სარეალიზაციოდ ორგანიზაცია ცდილობს აწარმოოს ისეთი საქონელი და მომსახურება, რომელზეც ბაზარზე მოთხოვნის დონე მაღალი იქნება და, შესაბამისად, ადეკვატური ფინანსური სარგებელი მიიღწევა. კონტროლინგი ხელს უწყობს კომპანიის ფინანსური მიზნების მიღწევას – ფინანსური შედეგების ოპტიმიზაციას. ამასთან, ორგანიზაციაში კონტროლინგის მთავარი ამოცანა საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმვის, რეგულირებისა და კონტროლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფაში, ინტეგრაციის, სისტემური ორგანიზაციისა და კოორდინაციის ფუნქციების შესრულებაში მდგომარეობს.

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კონტროლინგი – ესაა მომავლის მართვა საწარმოსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების გრძელვადიან პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. დასახული მიზნების მისაღწევად, საწარმოს მართვის მთელი სისტემის კოორდინაცით, ინტეგრირებითა და წარმართვით, კონტროლინგი ასრულებს „მმართველობითი საქმიანობის მართვის“ ფუნქციას და წარმოადგენს აღრიცხვის, კონტროლისა და ეკონომიკური ანალიზის სინთეზს. იმყოფება რა აღრიცხვის, ანალიზის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, კონტროლისა და კოორდინაციის გადაკვეთაზე (მიჯნაზე), კონტროლინგი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საწარმოს მართვაში: იგი აკავშირებს ყველა ამ ფუნქციას, ახორციელებს მათ კოორდინაციასა და ინტეგრირებას. ამასთან, კონტროლინგი არ ჩაანაცვლებს საწარმოს მართვას, არამედ მხოლოდ გადაჰყავს იგი თვისებრივად ახალ დონეზე, ამით თავისებურ თვითმარეგულირებელ სისტემად გვევლინება საწარმოში [Анискин Ю.П., Павлова А.М., 2003].

კონტროლინგის მიზნები საწარმოოს მიზნებიდან გამომდინარეობენ. უმაღლესი მიზანი – ესაა ორგანიზაციის შენარჩუნება და  შემდგომი წარმატებული განვითარება.

კონტროლინგის კონცეფცია ორ ასპექტს მოიცავს: ერთის მხრივ, კონტროლინგი – ესაა მმართველობითი პერსონალის აზროვნების წესი – ფილოსოფია, რომლის საფუძველს წარმოადგენს საწარმოს გრძელვადიანი არსებობის უზრუნველყოფისაკენ სწრაფვა. მეორეს მხრივ, კონტროლინგის კონცეფცია – ესაა იმ ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ამ ფილოსოფიის რეალიზაციას. ინსტრუმენტალური ასპექტი გულისხმობს, რომ კონტროლინგის სამსახური პასუხს აგებს მმართველობითი აღრიცხვის, დაგეგმვის, ეკონომიკური გაანგარიშებებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის მეთოდიკისა და ტაქტიკის შემუშავებაზე.

კონტროლინგი, როგორც მართვის ინსტრუმენტი, ახორციელებს სამართავი სისტემის ცალკეული ქვესისტემების საქმიანობის კოორდინაციას ორგანიზაციის წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად. წარმოების განვითარების თანამედროვე მოთხოვნები კონტროლინგის გამოყენების ახალ სფეროებს წარმოშობს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პერსონალს. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლების მნიშვნელოვან მიმართულებას პერსონალის კონტროლინგი წარმოადგენს. ა. პაპმელი აღნიშნავს, რომ „პერსონალის კონტოლინგი ემყარება პერსონალის მართვის სფეროში „ვიწრო ადგილების“ გამოვლენის მიზნით, მათ შორის გარე ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით, საგეგმო და ფაქტიური მაჩვენებელების შედარების საფუძველზე მართვის ეფექტიანი სისტემის შექმის იდეას“[Papmehl, 1990:34]. მოცემულ განმარტებაში პერსონალის კონტროლინგის არსი შემოიფარგლება პერსონალის გამოყენებით მხოლოდ გეგმიური და ფაქტიური მონაცემების შედარებით, რაც არასწორად მიგვაჩნია. ვთვლით, რომ პერსონალის კონტროლინგი მოიცავს ასევე დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზის ფუნქციებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება სავსებით გავიზიაროთ ე. პოთჰოფფისა და კ. თრეშერის პოზიცია, რომლის თანახმადაც, „პერსონალის კონტროლინგი მოიცავს კონტროლინგის ყველა ამოცანას, როგორიცაა: დაგეგმვა, კონტოლი და გადახრების ანალიზი, როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე. ამასთან, განიხილება არა მხოლოდ დანახარჯები, არამედ მწარმოებლურობა (შედეგები)[Potthoff, 1986:25].

პერსონალის კონტროლინგის სისტემის უმთავრეს ამოცანას ორგანიზაციაში წარმოადგენს პერსონალის მართვის პროცესების კოორდინაცია და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების საინფორმაციო უზრუნველყოფა, რათა ამაღლდეს პერსონალის მართვის ხარისხი ორგანიზაციაში. პერსონალის კონტროლინგი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ: პერსონალის მართვის სისტემის საწყისი მდგომარეობა, რომლისთვისაც პერსონალის კონტროლინგის სისტემის ამოქმედება აუცილებლობას წარმოადგენს. ასევე, შევიმუშაოთ და განვახორციელოთ პერსონალის მართვის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებები.

პერსონალის კონტროლინგი შედარებით ახალი მიმართულებაა პერსონალის მართვის სფეროში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციის პერსონალთან მუშაობის სფეროში, ზოგადად, კონტროლინგის ინსტრუმენტების პირდაპირი გადატანა უნდა მოხდეს. პერსონალის კონტროლინგს თავისი სპეციფიკურობა გააჩნია. ეს იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი სუბიექტური ხასიათისაა და რიგი ხარისხობრივი მაჩვენებლების გაანგარიშება შეიძლება მეტად გართულდეს.

კომპანიის მენეჯმენტის პროცესში პერსონალის კონტროლინგის ადგილი და როლი სწორად რომ წარმოვიდგინოთ, აუცილებელია გავერკვეთ მის ფუნქციებში.

გამოყოფენ პერსონალის კონტროლინგის შემდეგ ფუნქციებს:

- საინფორმაციო უზრუნველყოფის ფუნქცია. იგი გულისხმობს საინფორმაციო სისტემის აგებას, რომელმაც უნდა მოიცვას ყველა აუცილებელი ინფორმაცია შრომის მწარმოებლობაზე, პერსონალზე გაწეულ დანახარჯებზე და სხვ. ამ ფუნქციის რეალიზება, როგორც წესი, ხდება საწარმოში პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნით;

- საგეგმო ფუნქცია. იგი გულისხმობს საპროგნოზო, მიზნობრივი და ნორმატიული ინფორმაციის მიღებას. მაგალითად, ახალი პროდუქციის შემქნელ მუშახელზე  მოთხოვნა (რაოდენობა, კვალიფიკაციის დონე);

- მმართველობითი ფუნქცია. იგი გულისხმობს ნეგატიური ტენდენციების დასაძლევად ღონისძიებების შემუშავებას. მაგალითად, თუ ადგილი ექნება წლის განმავლობაში ერთი მუშაკის მომზადებისათვის საჭირო გეგმიურ დანახარჯებსა და ფაქტიურ დანახარჯებს შორის გადახრას, კონტროლინგის სამსახური რეკომენდაციას აძლევს კადრების განყოფილებასა და საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს ბიუჯეტში შესაბამისი გეგმის კორექტირება;

- საკონტროლო-ანალიტიკური ფუნქცია. ეს ფუნქცია გულისხმობს მიზნების მიღწევის ხარისხის გაზომვას, პერსონალის მიხედვით დაგეგმილი და ფაქტიური მაჩვენებლების ანალიზს. თუ გადახრა არ სცდება კონტროლინგის სამსახურის მიერ გაანგარიშებულ დასაშვებ ნორმებს, მმართველობითი ზემოქმედება არ განხორციელდება. იმ შემთხვევაში, როდესაც საპირისპირო ტენდენციას აქვს ადგილი, მაშინ აღნიშნული სამსახური მიმართავს საწარმოს შესაბამის ქვედანაყოფს და აცნობებს მას არსებულ მდგომარობას. მაგალითდ, თუ კადრების დენადობა დასაშვები ნორმის ფარგლებშია (4-5%), მაგრამ შეიმჩნევა მისი ზრდის ტენდენცია, ამის შესახებ აუცილებელია ეცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს შესაბამისი რეაგირებისათვის. 

პერსონალის კონტროლინგის ფუნქციებს შორის უნდა გამოვყოთ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდამჭერი და მაკოორდინირებელი ფუნქცია. ამ მიმართულებით სხვადასხვა დონეებზე არსებული მიზნების, მათი მიღწევის საშუალებებისა და მეთოდების კოორდინაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზაციის საბოლოო მიზნების მიღწევას.

პერსონალის კონტროლინგის ფუნქციას მიეკუთნება ასევე ორგანიზაციის მუშაკებზე და სამუშაო ადგილებზე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შემოწმება და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისათვის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ პერსონალის კონტროლინგის საინფორმაციო უზრუნველყოფა მიიღწევა ორგანიზაციის საქმიანობის საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმვის, ნორმირების, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის საშუალებით.

დაგეგმვის სფეროში კონტროლინგი საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სხვადასხვა გეგმების კოორდინირება და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ასევე დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება. პერსონალის მართვის სისტემის დასაბუთებული საგეგმო მაჩვენებლების შემუშავებითა და ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქმიანობის დაგეგმვა როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ამასთან, კონტროლის ფუნქციის შესრულებით პერსონალის კონტროლინგი შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს დაგეგმილიდან ფაქტიური მაჩვენებლების გადახრების ანალიზი, ამ გადახრების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა. შრომითი მაჩვენებლების გადახრის სისტემატური კონტროლი შესაძლებლობას იძლევა მყისიერად ვიმოქმედოთ პერსონალის მართვის სფროში წარმოშობილ სუსტ ადგილებზე. 

საბოლოოდ, პერსონალის კონტროლინგი ხელს უწყობს კონტროლის ჩანაცვლებას თვითკონტროლით, რაც მთლიანობაში განაპირობებს ორგანიზაციის მუშაკებს შორის მეტ ურთიერთგაგებასა და ურთიერთთანამშრომლობას, გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვას დასახული მიზნების მისაღწევად. 

დასკვნა

თანამედროვე პერიოდში კონკურენცია როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მწვავდება. კომპანიები ობიექტურად აღმოჩნდნენ მართვის თვისობრივად ახალი კონცეფციებისა და ინსტრუმენტების ძიების აუცილებლობის წინაშე. ერთ–ერთი თანამედროვე მიმართულება მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ეფექტიანობის ზრდას წარმოადგენს კონტროლინგის სისტემა. მასში განსაკუთრებული ადგილი უკავია პერსონალის კონტროლინგის სისტემას, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს კომპანიის სტრატეგიული რესურსის – პერსონალის ეფექტიანი გამოყენება.

კონტროლინგი – ესაა მომავლის მართვა საწარმოსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების გრძელვადიან პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. დასახული მიზნების მისაღწევად, საწარმოს მართვის მთელი სისტემის კოორდინაცით, ინტეგრირებითა და წარმართვით, კონტროლინგი ასრულებს „მმართველობითი საქმიანობის მართვის“ ფუნქციას და წარმოადგენს აღრიცხვის, კონტროლისა და ეკონომიკური ანალიზის სინთეზს.

პერსონალის კონტროლინგი – ესაა ადამიანურ რესურსებთან მუშაობის სფეროში შიდასაფორმო დაგეგმვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა „გარდავქმნათ“ საგეგმო მაჩვენებლები კონკრეტულ ღონისძიებებად, ასევე ჩამოვაყალიბით საწარმოში პერსონალის მართვის ძირითადი დებულებები. პერსონალის კონტროლინგის უმთავრესი ამოცანაა, განახორციელოს მუდმივი უკუკავშირი დაგეგმვასა და ანალიზს, ასევე მათში არსებულ გადახრებს შორის.

კონტროლინგის ორიენტაცია დაგეგმვასა და კონტროლზე გულისხმობს საინფორმაციო უზრუნველყოფის საფუძველზე, მის მიერ ამ ფუნქციების კოორდინაციას. ამასთან, თვითონ კონტროლინგი გადახრებზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებებს მიღების გზით უზრუნველყოფს სისტემატურ და ინტეგრირებულ უკუკავშირს მართვის სფეროში.

პერსონალის კონტროლინგის სისტემის უმთავრეს ამოცანას ორგანიზაციაში  პერსონალის მართვის პროცესების კოორდინაცია და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების საინფორმაციო უზრუნველყოფა წარმოადგენს, რათა ამაღლდეს პერსონალის მართვის ხარისხი ორგანიზაციაში.

შედეგზე ორიენტირებული პერსონალის კონტროლინგის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პერსონალის მართვის სფეროში საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პრაქტიკულად მეტად რთულია ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული მმართველობითი გადაწყვეტილების წვლილის შეფასება ორგანიზაციის საქმიანობის საბოლოო შედეგებში. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში შედეგებზე ორიენტაციისას გამოყოფენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: შრომის მწარმოებლურობა, კადრების დენადობა, შრომის ანაზრაურების სტრუქტურის ცვლილება და სხვ.

ორგანიზაციაში კონტროლინგის სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს საინფორმაციო ნაკადების სისტემა. საინფორმაციო ნაკადები – ესაა ინფორმაციის გადაადგილება ორგანიზაციის ერთი საშტატო ერთეულიდან სხვა საშტატო ერთეულში. საინფორმაციო ნაკადების სისტემა, თავის მხრივ, წარმოადგენს საინფორმაციო ნაკადების კომპლექსს, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოს წარმართოს საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საინფორმაციო ნაკადები საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მოახდინოს საქმიანობის ოპტიმიზაცია.

კონტროლინგის სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს დაგეგმვა და კონტროლი წარმოადგენენ. დაგეგმვის მთავარი მიზანია ორგანიზაციაში მწარმოებლურობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, მას წინ უსწრებს ანალიზისა და პროგნოზირების პროცესი, რომელთა საფუძველზეც ხდება მოქმედებათა ალტერნატივებიდან საუკეთესოს შერჩევა. იმ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს სისტემური მომზადების გარეშე, მაშინ ადგილი აქვს საგეგმო გადაწყვეტილებების ინტუიციურად მიღებას. ასეთი გადაწყვეტილებები, კი, როგორც წესი, დიდი რისკის შემცველია. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. Papmehl A. Personal-Controlling. Heidelberg (Sauer). 1990
  2. Potthoff E., Trescher, K. Controlling in der Personalwirtschaft, Berlin-New York, 1986
  3. Анискин Ю.П., Павлова А.М. Планирование и контроллинг: учебник.М.: Омега-Л, 2003.
  4. Бодди Д., Пэйтон Р. Основы менеджмента: пер. с англ. / Под ред. Ю. Н. Каптуревского - СПб: Издательство «Питер», 1999
  5. Вебер Ю., Шеффер У. Введение в контроллинг: пер. с нем./Под ред. и с предисл. С.Г.Фалько.- М.: Изд-во НП «Объединение контроллеров»,2014
  6. Евенко Л.И. Организационные структуры управления промышленными корпорациями США (теория и практика формирования). - М.: Издательство «Наука», 1983